სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ ბიბლიოთეკის შენობაში ხანძარი საეჭვო გარემოებაში გაჩნდა. მისი თქმით, შენობაში 3 დღეა, არავინ ყოფილა და ელექტროენერგია გამორთული იყო.
„დამწვარია პირველ სართულზე დიდი ოთახი. ხანძარი ცოტა საეჭვო გარემოებებში გაჩნდა, რადგან 3 დღეა, ამ შენობაში ხალხი არ ყოფილა. გათიშულია კონდიცირება, გათბობა და ელექტროენერგია. აქედან გამომდინარე, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ შენობაზე რამდენჯერმე იყო მიტანილი იერიში, ამტვრევდნენ ფანჯრებს, ესროდნენ საღებავებს და იმედი მაქვს, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს“.
ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ხანძრის მიზეზი უცნობია. დამწვარია დაახლოებით 15 კვ. მ ფართი.
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი შუადღეს გაჩნდა.