თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა ხმაურის ფონზე გაიმართა.
სასამართლო დარბაზში დაცვის მხარემ, ბრალდების მხარემ და მოსამართლემ არაერთხელ იკამათეს.
თავდაპირველად ადვოკატებმა – ბექა ბასილაიამ, დიმიტრი საძაგლიშვილმა და შოთა კახიძემ დააყენეს შუამდგომლობა, სასამართლო სხდომის გაშუქების საშუალება მისცემოდა ყველა მედიასაშუალებას, რომელიც ამის სურვილს გამოთქვამდა.
მოთხოვნის საფუძვლად ადვოკატები საქმისადმი საზოგადოების დიდ ინტერესს ასახელებდნენ. მათი განცხადებით, პროცესზე მხოლოდ საზმაუს დაშვება ორგანული კანონით გათვალისწინებული ნორმის არასწორად წაკითხვაა. ადვოკატების მტკიცებით, თუ სასამართლოს არ სურს, რამე დაიმალოს, მაშინ ეს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზიშვილმა მოიხმო საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი, რომლის მიხედვით, გაშუქების შეუზღუდავი უფლება აქვს მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს, იმ შემთხვევაში კი, თუ ის არ ისარგებლებს ამ უფლებით, წილისყრის პრინციპით აირჩევა, რომელი მედიასაშუალება გააშუქებს სხდომას.
აღსანიშნავია, რომ 10 ნოემბრის სხდომის მსგავსად, დღევანდელ პროცესს ადვოკატები ფეისბუქლაივით გადასცემდნენ. მოსამართლემ ამ ტრანსლაციის შეწყვეტაც მოითხოვა, რის შემდეგაც ვიდეოტრანსლაცია შეწყდა, თუმცა აუდიოტრანსლაცია შეფერხებით, თუმცა მაინც მიმდინარეობდა.
მომდევნო საკითხი, რასაც სასამართლო დარბაზში კამათი მოჰყვა, მიხეილ სააკაშვილის პროცესებზე დასწრებაა.
პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მოწადინებულია, პროცესს ესწრებოდეს მიხეილ სააკაშვილი. მისივე თქმით, პროკურატურა მზადაა, უზრუნველყოს მესამე პრეზიდენტის დისტანციური მონაწილეობა ან პროცესის პენიტენციურ სისტემაში გამართვა, თუ ამაზე მზადყოფნას დაცვის მხარეც გამოთქვამს.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პროცესს ფარსი უწოდა და განაცხადა, რომ საკითხი წინასწარ იყო გადაწყვეტილი და სხდომა დიდი ხნით განზრახ გადაიდო, რომ სააკაშვილს მასში მონაწილეობა ვერ შესძლებოდა.
ბექა ბასილაიას მოსამართლემ მიმართა, რომ „დაბალი ხმით ესაუბრა“.
„გიყვირით? ტონს ნუ მიკონტროლებთ“, – მიმართა ბასილაიამ მოსამართლეს, რასთან დაკავშირებითაც კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, რომ მას ადვოკატი უყვიროდა.
ბასილაიამ განაცხადა, რომ მოშიმშილის უფლებები არ ანაღვლებს არც პენიტენციურს და არც მოსამართლეს.
ამის შემდეგ პროკურორმა მოითხოვა, რომ დაცვის მხარეს საუბრის დრო განესაზღვროს, რაზეც ბასიალაიამ მას მიმართა: „საკონტროლო წერას მიმოწმებ აქ? მანდატური ხარ?“
ადვოკატის ეს რეპლიკა პროკურორმა შეურაცხყოფად მიიღო.
მოსამართლემ პროცესზე სააკაშვილის არდასწერებაზე მსჯელობისას მოიხმო პენიტენციური სამსახურის გავრცელებული წერილი, რომელიც სუს-ის გამოძიებასაც ეყრდნობა და აღნიშნა, რომ მასში დასახელებული გარემოებები საფრთხეს შეიცავდა პატიმრის ეტაპირებისა და ჯანმრთელობისთვის.
ადვოკატებმა მოითხოვეს იმ ნორმის დასახელება, რომელიც ამ საფუძვლებით გამორიცხავს ბრალდებულის პროცესში მონაწილეობას.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილის განცხადებით, სასამართლო არ გეგმავს პროცესის ციხეში გაგრძელებას.
„მოგეხსენებათ, პენიტენციურშიც შეიძლება ჩატარდეს პროცესები, კანონმდებლობა იძლევა ამის შესაძლებლობას. მეც მქონია სხდომა ციხეში, მაგრამ ამისთვის საკმარისი საფუძველი უნდა იყოს და აუცილებლობა. როგორც წესი, ეს ბრალდებულის იმგვარი მდგომარეობაა, რაც ეტაპირების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ ბრალდებული მოითხოვს ამას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მდგომარეობა გაცხადებული ინფორმაციით არის მძიმე, მაგრამ ბრალდებული არ მოითხოვს ამას. ბუნებრივია, მის გარეშე ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დისტანციურ ფორმას, დაცვის მხარის მხრიდან არ მომისმენია ამაზე ინფორმაცია, თუ მოგვაწვდით ამ ინფორმაციას, მოხარული ვიქნები“, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
ამის შემდეგ ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
„ბატონო ბადრი, რაც თქვენ გააჟღერეთ, ერთად აღებული ან ცალ-ცალკე, თქვენი უპირობო აცილების საფუძველია და ამ შუამდგომლობას ვაყენებ. თქვენ რომ ობიექტური და მიუკერძოებელი მსაჯული არ ხართ, აქამდეც ვიცოდით. ამაზე სერიოზული ეჭვები გვაქვს და დადასტურებული ფაქტებიც. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამდეც მკაფიო აზრი გვქონდა ამაზე. თქვენს კომპეტენციაზე ვთქვით, რომ კომპეტენციის ნაწილში აქამდე გვქონდა მოლოდინი და პრაქტიკა უჩვენებდა, რომ თქვენ კვალიფიციური ბრძანდებით, მაგრამ ახლა რაც ჩამოაყალიბეთ, როგორც სამართლებრივი კომპეტენცია და ლოგიკური დაკავშირება ფაქტების, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, შეძლებთ თუ არა წარუძღვეთ ამ საქმეს“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
საბოლოოდ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მომდევნო პროცესი 2 დეკემბერს ჩაინიშნა.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ კი ბასილაიამ პროცესი შეაფასა: „აქამდეც არ ვიყავით სასამართლოს დამოკიდებლობის ილუზიაში, მაგრამ ბადრი კოჭლამაზაშვილმა დღეს სასამართლო სუს-ის ფილიალად გააფორმა“.
დღეს სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმე განიხილეს.
ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).
სასჯელი 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მიხედვით, იმისთვის, რომ დაემალა საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, მიხეილ სააკაშვილმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, საიდუმლო ფორმით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებული სდსს-თვის გამოყო თანხები.
ბრალდების მტკიცებით, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი.
ხარჯი სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით ჩამოიწერა და დოკუმენტებს უკანონოდ მიენიჭა გრიფი „საიდუმლო“.
პროკურატურის მიხედვით, არამიზნობრივ ხარჯს შორის იყო, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის, ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილი ფული, პრეზიდენტის ესპანელი მზარეულის, სერქიო ქალდერონ ლატასას ანაზღაურება და მისთვის გაწეული სხვა ხარჯი.
ასევე, სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ ვიზიტებისას სხვადასხვა დროს დაქირავებული ავიალაინერის, ლიმუზინისა და მინივენის, ვერტმფრენის ხარჯი, მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასათვის ავსტრიაში დაქირავებული „პორშეს“, „მერსედესისა“ და „აუდის“ მარკების ავტომანქანებში დახარჯული თანხა, მაჯის საათებში გადახდილი ფული.
ასევე, მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქიშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილი თანხა, რის გამოც ამ საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმეც შეერქვა.
ამ საქმეზე დაცვის პოზიცია ასეთია: ბექა ბასილაია „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ 2009 წლამდე პერიოდში ამ ტიპის ხარჯს გასცემდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ამასთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვა არ აქვს, არც ბრალი არ წარუდგენია ვინმესთვის.
„2009 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გარკვეული ხარჯის დაფარვა გადავიდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, მეტი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ ხარჯის ბუნება არ შეცვლილა. შესაბამისად, თუ ადმინისტრაციის მიერ მსგავსი ხარჯის გაწევა დანაშაული არაა, როგორ შეიძლება ეს სდსს-დან დანაშაული იყოს?!
უფრო მეტიც, 2013 წელს, როცა პრემიერ-მინისტრი უკვე ბიძინა ივანიშვილი იყო, ხოლო სდსს-ის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე, ამ დროსაც ზუსტად იმავე ტიპის ხარჯს ეწეოდნენ, მაგრამ ამ ნაწილთან დაკავშირებით არავის არ აქვს კითხვის ნიშანი.
ხოლო რომელი ხარჯი დაიფარებოდა სდსს-დან, ამაზე გადაწყვეტილებას იმ კონკრეტულ მომენტში იღებდნენ იმისთვის, თუ რა სჯობდა მეტი დაცულობისთვის. ახლა შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, ამაღლებდა თუ არა ეს პრეზიდენტის დაცვას, მაგრამ იმ პერიოდში ასე მიიჩნევდნენ და ეს ცალკე საკითხია“, – ამბობს ბასილაია.