სააკაშვილის საშხაპე ოთახში ყოფნისას ფანჯრის მინა ჩამოიმტვრა. დაწყებულია წინასაგამოძიებო მოქმედებები - სამინისტრო

პუბლიკა

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უწყების გენერალურმა ინსპექციამ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ფანჯრის ჩამომტვრევის ფაქტზე წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

როგორც სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, „მოქმედებების დაწყების საფუძველი გახდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის საშხაპე ოთახში ყოფნისას ფანჯრის მინა ჩამოიმტვრა”.

უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ ამის შესახებ ეცნობა ადვოკატს დიმიტრი საძაგლიშვილს და დაიგეგმა მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მედიაში გავრცელებულ კადრებზე გუშინ განმარტება გააკეთა. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილს გუშინ შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს.

„საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი”, – ნათქვამი იყო განცხადებაში.