სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე დაკავებულები ბრალს აღიარებენ

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე დაკავებულები ბრალს აღიარებენ.

საქმეზე ოთხი პირია დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მათი წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

როგორც სხდომაზე დამსწრე „პირველი არხის“ ჟურნალისტი იუწყება, მოსამართლემ დაკავებულებს შეკითხვა დაუსვა, აღიარებენ თუ არა ბრალს, რაზეც თითოეულმა თანხმობა განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე გადაისინჯა დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიება. ოთხივე პატიმრობაში რჩება.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე დაკავებულები არიან ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი შალვა და ზურაბ წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.