საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საპატიმრო სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, სოციალურ ქსელში წერს, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე დასასწრებად მიიწვიეს.
სააკაშვილი ამბობს, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსის ასეთი დემონსტრაციული მიწვევა უპრეცედენტოა.
„დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი. ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში ყველა დონეზე. მოწვევა მათ ყრილობაზე როტერდამში მაისის ბოლოს. ისინი მთავაზობენ ჩასვლას და გამოსვლას სიტყვით.
მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არამხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც და ორივე ქვეყნის კონტექსტში მეც. ჩემთვის ეს დიდი პატივია.
არ ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობაზე დასწრების და მომცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპას ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის“, – წერს სააკაშვილი.
5 მაისს „ევროპის სახალხო პარტიამ“ გამოაქვეყნა განცხადება, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიღებული ცნობების შესახებ შეშფოთება გამოთქვა.
პარტია გმობს „ქართული ოცნების“ ლიდერების „ცილისმწამებლურ თავდასხმებს ოპოზიციაზე, სახალხო დამცველზე, დამოუკიდებელ ექიმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
EPP მოუწოდებს პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი სათანადო კლინიკაში საქართველოში ან საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მიზნებით, სადაც მას შეუძლია, მიიღოს კვალიფიციური მკურნალობა და რეაბილიტაცია.
„ყოფილი პრეზიდენტის არასათანადო მოპყრობა, მისი უფლებადაკარგულად გამოცხადება ან სიკვდილი, ლაკმუსის ქაღალდი გახდება საქართველოს მთავრობისთვის ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაში, და ასევე მნიშვნელოვანი ევროპული მისწრაფებების ჭრილში“, – აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.