სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლას არ აპირებს

პუბლიკა

„მე არ ვაპირებ ხელისუფლებაში მოსვლას. მე ვაპირებ დავეხმარო ახალ ძალებს მოვიდნენ ხელისუფლებაში”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„მე არავის დაშინება არ მინდა. ბუას რომ ქმნიან ჩემგან, მე ვარ ჩვეულებრივი, ორხელა, ორფეხა ადამიანი… არც ხელისუფლება არ მსურს ნამდვილად. ხელისუფლებაში მოსვლა არსად არ მსურს… საქართველოში ნამდვილად არ მსურს“, – თქვა მან.

საქართველოში ჩამოსვლის სურვილის მიზეზად მან თავისი უმცროსი შვილი და სამშობლოს მონატრება დაასახელა.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა, რომ 2 ოქტომბრისთვის უკვე საქართველოში იქნება.

„ყველა კონკრეტულ გადაადგილებაზე, მარშრუტზე, თარიღზე, სატრანსპორტო საშუალებაზე, რაც მე შემეხება, ჩაგაყენებთ, როცა ყველაფერი მექნება ხელთ, საქმის კურსში. მე ამას ყველაფერს ვაკეთებ სრულიად გახსნილად, შეგნებულად, გამარჯვებას არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.