საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ადვოკატის, ნიკა გვარამიას მეშვეობით წერილს ავრცელებს.
„ჩემი ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო საყვარელო ქართულო საზოგადოებავ.
როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი, ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამომიტანეს.
მსოფლიოს არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა, ამ განაჩენებს არ აღიარებს. მაგრამ, მე მაინც ჩამოვედი ვინაიდან, მჯერა ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის. ძალიან გთხოვთ, ხვალ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთი ხმა და ამის შემდეგ, ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები. ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება, მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა, ასევე, დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა.
გთხოვთ არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია. მიყვარხართ.
თქვენი ერთგული მ. სააკაშვილი”. – ვკითხულობთ წერილში.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ თბილისში დააკავეს. იგი რამდენიმე დღით ადრე ამბობდა, რომ არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვიდოდა. მისი დაკავების შესახებ საზოგადოებას საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამცნო.