სააკაშვილისა და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს - კობახიძე

პუბლიკა

„გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, ისინი არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს, იმისათვის, რომ ხალხი არ დაშლოდათ. ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა. გეგმა რომელიც ითვალისწინებს „შულავერის კომიტეტის“ გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას – ეს იყო ტერმინი, რომელიც გუშინ გამოიყენა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა. პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილისა და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს. ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული, საქართველოში იქნება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, რის გარეშეც ჩვენ ევროპაში ვერ შევალთ“,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინდელ აქციას.

„რაც შეეხება შეკრების მონაწილეებს, გუშინ შეკრებაზე გამოვიდა საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც უნდა ევროპა და როგორც მოგეხსენებათ ევროპა უნდა ბევრად მეტს, ვიდრე გუშინ იყო გამოსული. გუშინ ბევრი ადამიანი იყო გამოსული რუსთაველზე, თუმცა არის 3 მილიონი ადამიანი და მეტი, რომელიც მხარს უჭერს ევროპას… საქართველოს მოსახლეობის 85%.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ევროინტეგრაცია პირდაპირ არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ გვიტრიალებენ გასული კვირების განმავლობაში იმ მუხლს, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ ჩვენი ხელით კონსტიტუციაში და რომელსაც ხმა არ მისცეს ზუსტად ამ ადამიანებმა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ცინიზმი აქედან ჩანს; და ვინ არის რეალურად ევროპის მომხრე და ვინ არა, აქედან ჩანს კარგად“, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით თბილისში მრავალათასიანი აქცია – „შინ ევროპისკენ!“ გაიმართა.