„როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეასახლეს ამ ახალ დაწესებულებაში, #18-ში, მან როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს. და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა. ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, – ამბობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ტელეკომპანია „იმედთან”.
„ესენი არიან თანამშრომლები, რომლებიც 24 საათი ზრუნავენ პატიმრების უსაფრთხოებაზე და არავის მივცემთ უფლებას, შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს საამაყო თანამშრომლებს”. – ამბობს მინისტრი. იგი ამ ინციდენტის სხვა დეტალებზე არ საუბრობს.
მისი თქმით, გენერალური ინსპექცია სწავლობს დეტალებს და საზოგადოებას დამატებით დეტალებს გააცნობენ.
როგორც უკვე ცნობილია. საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გლდანის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
26 ოქტომბერს გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის სახელით განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის წინააღმდეგია გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის.
„როგორიც არ უნდა იყოს ჩამი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება, ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“, – ამბობდა სააკაშვილი.