გლდანის N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მოინახულა.
ომბუდსმენი, მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა და მოვლენებს აღწერს შემდეგნაირად: მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა გადაწყვიტა მისი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა. ლომჯარიას ინფორმაციით, სააკაშვილმა იცოდა, რომ უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში და ნებით დასთანხმდა ამას.
„ჩვენ მე-12 დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რამე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ მე-18 დაწესებულებაში, არ არსებობს.
როგორც ამბობს, ზეპირად იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. მას შემდეგ, რაც ის შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სასწრაფოს მანქანიდან. მისი თქმით, ის ძალის გამოყენებით შეიყვანეს მე-18 დაწესებულებაში.
უარი განაცხადა, რომ ექიმს გაესინჯა დაზიანებებთან დაკავშირებით. ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ სხეულზე ეტყობა დაზიანებები და რაც შემეძლო, რომ დამენახა, ვიზუალურად არ ეტყობა.
მისი თქმით, იცოდა, რომ გადადიოდა სამოქალაქო კლინიკაში და ის დაემშვიდობა იქაურ ექიმებს, რასაც ექიმები ადასტურებენ. მან თქვა, რომ სურდა კონსილიუმთან შეხვედრა. ელოდებოდა 3 საათზე დანიშნულ შეხვედრას, თუმცა უარი უთხრეს ამაზე… “, – განაცხადა ლომჯარიამ.
აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს რუსთავის ციხესთან ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან განაცხადა, რომ კონსილიუმის ექიმებს სააკაშვილი პირადად არ უნახავთ, რადგან თავად განაცხადა უარი მათთან შეხვედრაზე, ხოლო ნიკოლოზ ყიფშიძე ექსპრეზიდენტს იმიტომ ვერ შეხვდა, რომ მასთან ბევრი მნახველია რიგში.