პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტარი ანა წითლიძე რუსთავის მე-12 საპატიმროში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ანი წითლიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი, თუმცა, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ამაზე საუბარი არ ისურვა.
„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამაზე ბევრი არ მალაპარაკა და საერთოდ მითხრა, რომ ეს არ არის ახლა მნიშვნელოვანი, როდესაც ქვეყანა არის გადასარჩენი და რომ დაწყებული გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მაგრამ რაც ვიზუალურად ეტყობა ეს არის, რომ აშკარად არის გამხდარი, ფერმკრთალი და შენელებული, გადაადგილება უჭირს.
მან მადლობა გადაუხადა აქციის ყველა მონაწილეს გუშინ ვინც იყო, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მითხრა, რომ ძალიან ემოციური იყო მისთვის ამ ყველაფრის ყურება და ამდენი ხალხის ნახვა. მითხრა, რომ მას არ ახსოვს ეს რაოდენობა და ეს რაოდენობა არ ყოფილა „ვარდების რევოლუციაზეც“ კი“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
მან ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავარი გზავნილი ეხება არჩევნების მეორე ტურს და ამბობს, რომ ყველანი უნდა მობილიზდეს არჩევნებისთვის.