კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა. გამოსვლისას მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
„მას მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა გადავეცი. ასევე გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა. მთხოვა გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო. შიმშილობასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს და არ აპირებს, რომ შეცვალოს. მან მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ ეს ჯვარი დაუბრუნონ.“ – განაცხადა მიხეილ ბოტკოველმა.
პარალელურად, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის ციხეში ვიზიტზე განცხადება საპატრიარქომაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ პატრიარქის მდივანმა სააკაშვილი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოინახულა.
„მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება“, – აცხადებს საპატრიარქო.
დეკანოზ მიქაელ ბოტკოველამდე პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა კიდევ ერთმა სასულიერო პირმა, ზუგდიდისა და ხაიშის ეპარქიის მღვდელმა, ამბროს თორდიამ სცადა, მაგრამ სასულიერო პირი საპატიმროში არ შეუშვეს. როგორც თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას კოვიდპასპორტსა და სხვა საბუთებთან ერთად, საპატრიარქოსგან კურთხევა სჭირდებოდა.
„მონახულება მინდა სააკაშვილის. პირველ რიგში, რომ შიმშილობა რომ შეწყვიტოს. მაგი ცოცხალი სჭირდება ქვეყანას“, – ამბობდა ამბროს თორდია.