საქართველო პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიცია ჩიხში შეიყვანა, საიდანაც გამოსვლა მათ ძალიან უჭირთ. არჩილ თალაკვაძემ ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.
არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები ცდილობენ ყოველდღიურად ახალ-ახალი საკითხები და „პრეტენზიები“ წამოაყენონ, რომ სააკაშვილი დარჩეს პოლიტიკურად აქტიური.
„სამედიცინო მოთხოვნებს უნდა უპასუხონ ექიმებმა, მაგრამ რაც შეეხება ამ ყველაფრის პოლიტიკურ კონტექსტს, რა თქმა უნდა, სააკაშვილი და მისი მომხრეები ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილი დარჩეს ამ პოლიტიკურ მდგომარეოში, ზედაპირზე და მისი საკითხი ყოველთვის ტივტივებდეს. ისინი ყოველდღე იფიქრებენ სხვადასხვა საკითხს, ყოველდღე სხვადასხვა პრეტენზიით გამოდიან, მხოლოდ იმისთვის, რომ ეს საკითხი დატოვონ როგორმე ზედაპირზე.
თქვენ ხედავთ რომ დიდი განხეთქილებაა გუნდში, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ მთელი ოპოზიციის რესურსი მიხეილ სააკაშვილმა დაახარჯვინა ამ ოპოზიციას თავის შიმშილობის საკითხზე, იმისთვის, რომ შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის მოთხოვნა როგორმე გაეტანა პოლიტიკურად. ახლა რაც არ უნდა ილაპარაკონ სხვადასხვა პარტიებმა და სხვათა შორის, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ჩანს რომ იგივე განწყობაა..,
ერთადერთი დასკვნა აქედან ის არის, რომ მთელი ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა ჩიხში და შეიყვანა იმ ჩიხში, საიდანაც ახლა უკან გამოსვლა ძალიან უჭირთ. სწორედ ამიტომ დააანონსა მან საკუთარი შიმშილობის თუ ჯანმრთელობის საკითხი ცალკე პოლიტიკურ კამპანიად, ცალკე პროექტად და როგორც ჩანს, თვლის, რომ მთელ საზოგადოებას ახლა აინტერესებს სააკაშვილი შიმშილობის შემდეგ რას გააკეთებს, როგორ უმკურნალებენ, რა ტიპის საკვებს მიიღებს. სინამდვილეში კი მთავრობა და ხელისუფლება უკვე გადავერთეთ იმ მნიშვნელოვან ამოცანებზე, რომლებზეც ვსაუბრობდით წინასაარჩევნო პერიოდში“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თუ დეპუტატებს მასთან არ შეუშვებენ, შეწყვეტდა დღეიდან მედიკამენტების მიღებას. მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.