მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
„ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არათუ მოიყვანეს და არცკი ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა გამოაცხადა სააკაშვილმა – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის წერილიც წაიკითხა.
„დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს, ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა. ამიტომ იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს”, – ნათქვამია წერილში.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საკითხზე დღეს სასამართლო სხდომა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილს სურდა პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა ამაზე უარი განაცხადა. სამსახურის წარმომადგენელმა პროცესზე თქვა, რომ ტექნიკურად ამ ეტაპზე ეს შესაძლებელი არ იყო. მომდევნო სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს ჩაინიშნა.