რამდენიმე წუთის წინ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში დასრულდა შეხვედრა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და ადვოკატებს, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლებს შორის.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის ცნობით, სააკაშვილმა სამედიცინო ექსპერტიზაზე თანხმობა განაცხადა, მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.
„მან თანხმობა განაცხადა, პირადად წარდგეს, სამედიცინო შემოწმების მიზნით, ექსპერტთან, მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.
მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იგი მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების შესახებ აქედან გამომდინარე, არსებობს თუ არა მის სხეულზე ჯანმრთელობის დაზიანების კვალი, საჭიროა, ჩატარდეს სამედიცინო სახის ექსპერტიზა.
მან თანხმობა გამოთქვა, რომ პირადად წარდგეს ექსპერტის წინაშე, მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით“, – ამბობს გამომძიებელი.
მისივე ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა ასევე თანხმობა განაცხადა, პენიტენციური დეპარტამენტიდან, იუსტიციის სამინისტროდან და სხვა დაწესებულებიდან გამოითხოვონ მის შესახებ არსებული პერსონალური სახის ინფორმაცია.
გუშინ, 8 ნოემბერს გლდანის დაწესებულებიდან სააკაშვილის წერილი გავრცელდა. სააკაშვილი აღწერს, როგორ გადაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის კლინიკაში. მისი თქმით, ციხის ადმინისტრაციამ მოატყუა, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.
გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ კი, როგორც სააკაშვილი ამბობს, ძალის გამოყენებით შეასახლეს პალატაში.
„შემდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა“, – ამბობს სააკაშვილი.