საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ციხის ადმინისტრაციას 4 ქილა თაფლი უკან დაუბრუნა – ამის შესახებ ინფორმაცია მედიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ გააცნო, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილს საპყრობილეში შეხვდა.
„ამ ამბის ანატომია ყოფილა შემდეგნაირად, როცა სააკაშვილთან ციხის ადმინისტრაციის ექიმი შესულა, ურჩევია, რომ ჩაიში შაქარი გამოეყენებინა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ უთქვამს, რომ შეგიძლია, ერთი კოვზი თაფლი მიიღოო. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს 5 ცალი, 50 მილიგრამიანი, თაფლის ქილა შეუძენია, თუმცა როგორც კი მიშამ მოისმინა ინფორმაცია, რომ ამით სპეკულირებენ, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, დაინტერესებულ ადამიანებს ვუთხრა: ერთი ქილა უკვე გახარჯული ჰქონდა, 4 ქილა კი ხელმოწერით ჩააბარა ადმინისტრაციას”- განაცხადა ხერხეულიძემ.
რამდენიმე დღის წინ პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა წვენისა და თაფლის მიღება დაიწყო. გუშინ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო გაუარესდა და მას უახლოეს დღეებში საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდება.