სააკაშვილმა თავი ცუდად იგრძნო, ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე - ადვოკატი

პუბლიკა

სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩართეს, თუმცა ამ დროისთვის ჯანმრთელობისა და ტექნიკური ხარვეზის მიზეზით, ის სხდომაზე მონაწილეობას აღარ იღებს.

„ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, ექიმიც იქნა გამოძახებული, და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე. მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს [ტექნიკურად] ჩართვას, შეიძლება [ჯანმრთელობის] სიტუაციაც გაუმჯობესდეს და მან მოისურვოს, ჩაერთოს პროცესზე”, – განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

ტექნიკურ ხარვეზამდე სააკაშვილმა სიტყვით მიმართვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, რასაც  მცირე სიტყვიერი დაძაბულობა მოჰყვა. მას მოსამართლე გიორგი არევაძემ მიუთითა, რომ ესაუბრა ქართულ ენაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში საუბრის გაგრძელების უფლებას არ მისცემდა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა და არ აქვს ვალდებულება ისაუბროს ქართულად. მოსამართლემ მას მითითება კიდევ გაუმეორა.

ამ პოლემიკამ სხდომათა დარბაზში დამსწრეების უკმაყოფილება გამოიწვია. მოსამართლემ ერთ-ერთი მათგანს დარბაზიც დაატოვებინა.

საკითხი მას შემდგომ გადაწყდა, რაც სხდომათა დარბაზში უკრაინულის მცოდნე მოქალაქე აღმოჩნდა და დაცვის მხარის შუამდგომლობით მოსამართლემ ის თარჯიმნად დაუშვა. ამის შემდგომ კი, როგორც აღვნიშნეთ, სხდომაზე სააკაშვილის ჩართვას ტექნიკური ხარვეზი შეექმნა. მოგვიანებით კი ადვოკატმაც განაცხადა, რომ მსჯავრდებული თავს შეუძლოდ გრძნობს.