„მან [სააკაშვილმა] თქვა, რომ ქვეყანაში შემოვიდა ყველა წესისა და პროცედურის დაცვით, თუმცაღა დამატებით დეტალებზე საუბრისგან ის თავს იკავებს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს.
„შიმშილობასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მე ძალიან ვეცადე, მომეხსენებინა ჩემი მოკრძალებული აზრი, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მესმის, ის თავს თვლის პოლიტიკურ პატიმრად და ის არის… მისი ბრალი და მსჯავრი არის აბსოლუტურად პოლიტიკური ნიშნით წარდგენილი, თუმცაღა მისი გადაწყვეტილებაა, რომ მან გააგრძელოს შიმშილობა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.