სააკაშვილმა უარი თქვა რეანიმობილზე და სამედიცინო დახმარებაზე - გიული ალასანია

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს შეეზღუდა ადვოკატებთან უშაულო კომუნიკაცია, რის გამოც მან პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა რეანიმობილზე და სამედიცინო დახმარებაზე.

„მას ადვოკატებთან შეხვედრა შეეზღუდა და პროტესტის ნიშნად უარი თქვა რეანიმობილზე და სამედიცინო დახმარებაზე.

მეც მქონდა ახლა კომუნიკაცია, მაგრამ შუაში გვაქვს ფანჯარა. უშუალო კომუნიკაცია მასთან არ მქონია. როგორც მივხვდი ასეთი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს ადვოკატებთან და ეს არ შეიძლება, იმიტომ, რომ ადვოკატთან საუბარი უნდა იყოს კონფიდენციალური და ეს როგორ უნდა მოხერხდეს?“,  – განაცხადა გიული ალასანიამ.


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის ოთახში უწყებამ ადვოკატებსა და მას შორის შუშის ბარიერი მთლიანად ამოაშენა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია სრულად გააკონტროლოს და ის სრულად შეზღუდული იყოს.


მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 27-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ექიმებით.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა კონსილიუმის რეკომენდაცია სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით. კონსილიუმი წერს, რომ მისი გადაყვანა საჭიროა c ტიპის დაწესებულებაში. სახალხო დამცველის თქმით, კონსილიუმის წევრთა მოთხოვნებს ციხის საავადმყოფო, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის გადასაყვანად სთავაზობს, ვერ აკმაყოფილებს.

იუსტიციის სამინისტრო კი, ამბობს, რომ ციხის საავადმყოფო მზადაა მიიღოს მოშიმშილე პატიმარი და მართოს მისი მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს. ადვოკატების განცხადებით, მიზეზი მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებაა და ასევე ის, რომ აღნიშნულ საავადმყოფოს არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სათანადოდ მართოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მიხეილ სააკაშვილის საქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით არაერთი განცხადება გავრცელდა როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკური პარტიების მიერ.

სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების გამო; აგრეთვე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვისთვის.