სააკაშვილმა წამლის მიღებაზე უარი თქვა, სანამ არ იქნება ტოქსიკოლოგიური დასკვნა - ადვოკატი

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება. მეტიც, მისი თქმით, სააკაშვილს გუშინ შეტევა ჰქონდა, „აუხსნელი რაღაც“ და მას შემდეგ მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს, სანამ არ იქნება ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხი.

„ელოდება ექსპერტიზის განახლებას. წამლის მიღებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ სანამ არ იქნება ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხი, მანამდე მედიკამენტებს არ მივიღებო. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა გუშინ, ფაქტობრივად, აუხსნელი რაღაც. ამიტომ უნდა გაირკვეს, ექსპერტებს ვთხოვეთ, რომ დაჩქარდეს ამ ტიპის სამუშაოები და გავერკვეთ.

ამ დილით მისმა ექთანმა თქვა, რომ 86 კილოა, ანუ „ვივამედში“ შემოყვანის შემდეგ დაკლებული აქვს 20 კილოგრამი. საჭმლის მიღებაზე კვლავ პრობლემები აქვს და როცა მკურნალობ, ხომ რაღაც უნდა იყოს ოპტიმისტური?! არ არის ასეთი სურათი“, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ „ვივამედში“ მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად დღეს კლინიკაში უცხოელი ექიმებიც მივიდნენ. ამერიკელი ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლახანი სააკაშვილს გამოკვლევებს უტარებს. სააკაშვილის მონახულება სურს კიდევ ერთ ექიმს, ჯეიმს კობის, რომელმაც, როგორც სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, ჯერჯერობით სააკაშვილის მონახულების ნებართვა ვერ მიიღო.

სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დღეს დილით თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა გუშინ განსაკუთრებით გართულდა.

„იწვა, ჰქონდა რაღაც საშინელი შეტევა, აკანკალებდა, ცივი ოფლი ასხამდა. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, გამიჭირდება ამისი აღწერა. არასდროს მინახავს ასე არათუ სააკაშვილი, არამედ საერთოდ არავინ“, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.