„ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიმართა.
წულუკიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება დემოკრატიული წესით აქვს მოპოვებული.
მან მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, გამოიხედოს საკნის ფანჯრიდან და დაინახოს, რამდენ ადამიანს არ უნდა მისი ხელისუფლებაში დაბრუნება.
„სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან. ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა? არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება. ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრმა მიმართა ქართველ დედებს, შაბათს მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას“.
„მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, ქართველ გოგოს, რომელიც არის მეგრელი პატარა გოგო. რომ არა ბედის უკუღმართობა და მასავით პატარა გოგოები და ბიჭები უკვე, საუბედუროდ, არის ასეულობით ათასობით დევნილი ქვეყანაში საკუთარი სოხუმიდან, საკუთარი ქალაქიდან. რომ არა ეს უბედურებები, ეს ბავშვები არა თბილისში, არამედ აფხაზეთში, სამაჩაბლოში უნდა დაბადებულიყვნენ.
მოვუწოდებ ყველა დედას, შაბათს არჩევნებზე მივიდეთ. ქართველ დედებს არ გვეკადრება, რომ ამ ბავშვებს დავუტოვოთ ჩვენი საბრძოლველი ბრძოლები. შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა, ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ შემდეგ მიწასაც არ მიაბარა. შაბათს ერთ მხარეს დევს ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას, ისედაც ერთი ბეწო საქართველოსი. მეორე მხარეს ვართ ჩვენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა აგვისტოს ომზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შაბათის არჩევნებს კავშირი აქვს იმასთან, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობა აღდგეს და ადამიანები სახლებში დაბრუნდნენ.
წულუკიანმა თქვა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო და ისეთი საპატიმროებია, სადაც პატიმრებს ციხის ინსპექტორების არ ეშინიათ. მისივე თქმით, გვყავს პრემიერი, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირებას მოაწერა ხელი, გაიხსნა ევროკავშირთან საზღვრები.
„სამი წლის მანძილზე აღარ იქნება არჩევნები, მაგრამ არჩევნები ერთ დღეს ნამდვილად იქნება კონსტიტუციურ ვადებში. ჩვენი ხელისუფლების და ასეთია ჩვენი ხვედრი, ვალია, ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს, არა ქართველთმოძულეებს, არა იმათ, ვინც ბნელი წარსულის მოციქულები არიან და ახლა საკნებიდან იჭყიტებიან, არა იმათ, ვინც ებრძვის ილია II-ს, არა იმათ, ვინც ებრძვის სიწმინდეებს, ხატს და ჯვარს, არა იმათ, ვისაც უნდა საკუთარი ფეხის ქვეშ დამონებული ქართველი, არამედ ახალ თაობებს, იმ ბავშვებს, ვინც დღეს შემოგვყურებენ და რომელთა მომავლისთვისაც ვდგავართ მაგრად, მყარად და შაბათს გავიმარჯვებთ დამაჯერებლად“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით უკვე მიმართეს პრემიერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.