საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია, რომელმაც რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად დამძიმებულია.
„მიხეილ სააკაშვილი უკვე შესამჩნევად ცუდად არის. ფიზიკურად ეტყობა ეს ძალიან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მას აქვს კომუნიკაციის პრობლემა და მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები, ვერ იხსენებს ადამიანების სახელებს. ნუ, ჯერჯერობით, ჩემი ახსოვს, მაგრამ საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ რამდენიმე მისი მეგობრის სახელი ვერ გაიხსენა. არ ვიცი, ეს რისი სიმპტომია, ალბათ, ექიმებმა უნდა თქვან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოგვიანებით რუსთავში აქციაზე ნიკა გვარამიამ თქვა, რომ სააკაშვილს ელენე ხოშტარიას სახელი დაავიწყდა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია, თუმცა მას არ გამოხატავს ან მოსაყდრე შიოს განცხადება, ან სხვა პირის. გვარამია მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრას მოითხოვს, შუამავლების გარეშე.
„ყოველგვარი შუამავლების გარეშე, რადგან ჩვენ არ გვაქვს ნდობა ამ ადამიანების და არ მივიჩნევთ, რომ ისინი კეთილსინდისიერად გამოხატავენ პატრიარქის პოზიციას. ეს არის პირადად თხოვნა პატრიარქისადმი. ჩვენი ურთიერთობები წლების განმავლობაში ნამდვილად იძლევა ამის შესაძლებლობას“, – განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიასვე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი აღარ მიიღებს ექიმის კონსულტაციას იმ დრომდე, სანამ მასთან სამედიცინო მუშაკთა ალტერნატიული კომისია არ შევა.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის შეწყალებას არ აპირებს და მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია. მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა შიმშილობს. სამოქალაქო საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
ქვეყნის მასშტაბით ამავე მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. აქცია გაიმართა გუშინ ზუგდიდში და ამ დრომდე ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეები გუბერნიის შენობასთან იმყოფებიან. დღეს აქცია ამ მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართა, ამ წუთებში კი ქუთაისშიც მიმდინარეობს.