„სააკაშვილს ეხმარებით დაბრუნებაში, რომ ყველა დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს“ – ელისაშვილი

პუბლიკა

„მოქალაქეების“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ქვეყანაში გიორგი გახარიას გადადგომას და ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 2 დღის წინ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებით ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში შევიდა და მიხეილ სააკაშვილთან ერთად „ქართულმა ოცნებამ“ ხელი შეუწყო სიტუაციის ესკალაციას.

„ზუსტად 2 დღის წინ ამ დარბაზში ჩვენ მოგიწოდეთ, არ მოგვეხსნა იმუნიტეტი მელიასთვის. ვამბობდით, რომ პარლამენტი უნდა დამდგარიყო თავის სიმაღლეზე, არ ყოფილიყო პროკურატურის გაგრძელება, რათა პროცესები არ შესულიყო ჩიხში.

დღეს პროცესები არის ჩიხში. ვხედავთ, რა ხდება ქუჩაში. ქვეყანა, პრინციპში, არის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. ჩვენ გთხოვდით და მოგიწოდებდით, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ქვეყნის სიყვარული გამოგევლინათ და არ მიგეღოთ ის გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენთან წესია ასეთი, რომ ოპოზიციას არ უნდა მოუსმინო, მისი აზრი დააიგნორო და უფრო მეტიც, ებრძოლო ან უნდა სცადო, დაიჭირო ოპოზიცია და, სამწუხაროდ, ეს ცუდი, მანკიერი თვისება გადმოიღეთ თქვენ წინა ხელისუფლებისგან, რომელთა ბრძოლაშიც ხართ 9 წელია გართული იმდენად, რომ ყველაფერი გააკეთეთ და ყველაფერი გააკეთა სააკაშვილმაც, რომ ასეთი ესკალაცია  მომხდარიყო.

ერთი მხრიდან ისმოდა – გირაოს არგადახდა, „ვერ დამიჭერთ“; მეორე მხრიდან ისმოდა – დაგიჭერთ, იმუნიტეტს მოგიხსნით, სპეცრაზმის მობილიზებას მოვახდენთ… და ამ დროს რა ხდება? ქვეყანა გაღატაკებული, გასაცოდავებული ქვეყანა არის მიგდებული.

ხომ ნახეთ, პაციენტები გადაჰყავთ ტვირთის გადასატანი „მარშუტკებით“ და ხალხი კრედიტებს ვერ იხდის, ბინებს კარგავს… ერთი მხრიდანაც ვხედავთ კუნთების თამაშს და მეორე მხრიდანაც. ისე ხართ გართულები, 9 წელია, ერთმანეთთან ბრძოლით, რომ გადაიჩეხა ეს ჩვენი ქვეყანა ხრამში.

რას აკეთებთ, შედეგი რა არის, სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლების დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. ამაში ეხმარებით თქვენ, რომ ეს თავისი ამდენი წლის დაგროვილი რევანში… ამოიყენოს ერთ მხარეს ახალაია, მეორე მხარეს – მეგის ქარდავა… ეს გინდათ, როგორც ჩანს, თქვენ და რაღაც საიდუმლო გეგმა გაქვთ. აქეთ მიგყავთ ყველა პროცესი, რასაც ვხედავთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი განცხადებით, მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. მან მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ დასხდეს ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან. ელისაშვილის თქმით, ერთადერთი, ვინც პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, გახარიაა.

„ერთადერთი, ვინც სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, ვინც თავიდან ააცილა ქვეყანას ესკალაცია, არის ის კაცი, უმძიმესი დამოკიდებულება მქონდა ყოველთვის ამ კაცის მიმართ. პრემიერ-მინისტრმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება რომ გადადგა, ქვეყანა კიდევ უფრო არ შეიყვანა დაპირისპირების ჩიხში, მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა ელისაშვილმა.


დღეს, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.