სააკაშვილს მოვუწოდებთ, ისარგებლოს შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე - სამინისტრო

პუბლიკა

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე“ – იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის წინაპირობებს პასუხობს.

უწყების განცხადებით, მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე სამინისტრომ სააკაშვილს შესთავაზა მაღალპროფილურ კლინიკაში კვლევების ჩატარება, რისთვისაც საჭიროა პირის ინფორმირებული თანხმობა. სამინისტროს განცხადებით, ამის ნაცვლად საზოგადოებამ იხილა ულტიმატუმის ტოლფასი პირობადებული თანხმობა.

სამინისტროს განცხადებით კლინიკაში მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად.

„იუსტიციის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ ნდობას უცხადებს საქართველოში ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებს და იქ მომუშავე მედპერსონალს, რომელიც ყოველთვის იცავს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ექიმების მიმართ უსაფუძვლო უნდობლობის გამოხატვა და შეუთანხმებლად მათ საქმიანობაში ჩარევის მცდელობა აჭიანურებს და ხელს უშლის ჯანმრთელობისათვის საჭირო სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე.

პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, 24 საათის განმავლობაში ატარებენ მრავალ ღონისძიებას პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ამ ორი სიკეთის გონივრული ბალანსის საფუძველზე.

მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად. მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის პროვოკაციული ქმედებისგან, რომელიც ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილს მისთვის გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში“, – აცხადებს უწყება.

გუშინ, 10 მაისს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევებისთვის და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობისთვის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესათავაზა.

მიხეილ სააკაშვილმა სამინისტროს შეთავაზება მიიღო, თუმცა პირობები წამოაყენა.

სააკაშვილს სურს, საავადმყოფოში მასთან მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ოჯახის წევრებს, პირად ექიმს, „ემპათიის“ კონსილიუმის წევრებს, პარლამენტის წევრებს და ადვოკატებს.

სააკაშვილს ასევე სურს, მისი გამოკვლევის, დიაგნოსტირების, დანიშნულების დადგენის და მკურნალობის შემდგომ ეტაპებში ჩაერთონ „ემპათიის“ და ომბუდსმენის სამედიცინო ექსპერტები.