იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საპატიმრო სასჯელს იხდის, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გადაიყვანონ კლინიკა „ვივამედში“, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა.
რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკვებსა და მედიკამენტებს შერჩევით იღებს, რითაც საფრთხეს უქმნის თავის ჯანმრთელობას.
„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი შერჩევით იღებს მედიკამენტების ნაწილს, რითაც, ფაქტობრივად, უარს ამბობს საკუთარი გადაწყვეტილებით სრულფასოვან მკურნალობაზე.
ასევე იგი საკვებსაც იღებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით და ამით ის საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას.
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან ასარიდებლად გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა“, – განაცხადა მინისტრმა.
ჟურნალისტის შეკითხვას, იმ შემთხვევაში, გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააკაშვილის მკურნალობა უცხოეთშია საჭირო, შეიცვლის თუ არა სამინისტრო საკითხზე პოზიციას, მინისტრი შეკითხვით პასუხობს:
„რატომ ახსენებთ ასე ხშირად უცხოეთს? რა არის მიზანი? მიზანი არის, თუკი ადამიანი არის ავად, მისი განკურნება. თუკი განკურნება არის მიზანი, შესაბამისად მას უნდა უმკურნალოს ექიმმა. საქართველოში გვყავს ბევრი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმი, რომლებიც შეძლებენ, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ჩაუტარებენ შესაბამის გამოკვლევას და საჭიროების შემთხვევაში უმკურნალებენ სათანადოდ“, – ამბობს ის.
მინისტრმა ასევე უპასუხა შეკითხვას, როგორ აფასებს ენმ-ის ინიციატივას სააკაშვილის თავდებობის შესახებ. მისი თქმით, მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს და პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანა არ ხდება.
„ამაზე არც ვიცი, თუ ღირს პასუხის გაცემა ან რომელ სამართლებრივ მექანიზმზე საუბრობს საერთოდ ეს ხალხი, რა თავდებობაზეა საუბარი, ადამიანი არის მსჯავრდებული“, – აცხადებს ბრეგაძე.
მინისტრის განცხადებით, როცა საკითხი ეხება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გადაწყვეტილებას იღებენ ექიმები და ექიმები გადაწყვეტენ, საჭიროა თუ არა სხვადასხვა პროფილის ექიმის ჩართვა სააკაშვილის მკურნალობაში.
ამ განცხადებით რატი ბრეგაძემ უპასუხა დეპუტატ თამარ კორძაიას ინიციატივას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად მოიწვიონ აშშ-ის „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკიდან სამედიცინო ექსპერტები.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, პარტიის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ქართულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სათანადო მკურნალობას ვერ იღებს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ ასევე ომბუდსმენის და ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო კონსილიუმის ექიმები.
ცენტრი „ემპათია“ სააკაშვილის „დისტრესული სიტუაციებისგან თავისუფალ გარემოში, მაღალტექნოლოგიურ მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაციას გასცემს“.
მათ საპასუხოდ პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სპეკულაციური და ყალბი ცნობები ვრცელდება. პენიტენციურის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, სააკაშვილს საქართველოში უმკურნალებენ.