მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვლის თქმით, სააკაშვილსა და ადვოკატებს შორის კომუნიკაციის პრობლემა მოგვარდა. ამიტომ, ექსპრეზიდენტი გააგრძელებს ანალიზების ჩაბარებას და მედიკოსებთან კონსულტაციას.
„დღეს უკვე მოგვეცა მასთან ისეთი ფორმით კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც ყველა რისკს გამორიცხავდა, ამ მიმართულებით.
სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ანალიზების ჩაბარებაზე უარის თქმა, ასევე გააგრძელოს მედიკოსებთან და კონსილიუმის წევრებთან კონსულტაცია.
დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში, კონსილიუმის წევრები ელოდებოდნენ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, თუმცა პროტესტის ამ მძიმე ფორმის გამო, მიხეილ სააკაშვილი მათ არ ხვდებოდა, ბოდიშს უხდის კონსილიუმის წევრებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს მის პატივისცემასა და ნდობას კონსილიუმის წევრ ექიმების მიმართ. დღეიდან ეს პრობლემა აღმოფხვრილია“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
გუშინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შეხვედრის ოთახში უწყებამ ადვოკატებსა და სააკაშვილს შორის შუშის ბარიერი მთლიანად ამოაშენა. რადგან, მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია სრულად გააკონტროლოს და სრულად შეზღუდული იყოს.
პენიტენციურმა სამსახურმა კი განაცხადა, რომ შეხვედრების ოთახში მინის ბარიერი განაახლეს, რადგან მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები კოვიდრეგულაციებს არღვევდნენ.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 28-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ექიმებით.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა კონსილიუმის რეკომენდაცია სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით. კონსილიუმი წერს, რომ მისი გადაყვანა საჭიროა c ტიპის დაწესებულებაში. სახალხო დამცველის თქმით, კონსილიუმის წევრთა მოთხოვნებს ციხის საავადმყოფო, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის გადასაყვანად სთავაზობს, ვერ აკმაყოფილებს.
იუსტიციის სამინისიტრო კი, ამბობს, რომ ციხის საავადმყოფო მზადაა მიიღოს მოშიმშილე პატიმარი და მართოს მისი მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს. ადვოკატების განცხადებით, მიზეზი მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებაა და ასევე ის, რომ აღნიშნულ საავადმყოფოს არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სათანადოდ მართოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მიხეილ სააკაშვილის საქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით არაერთი განცხადება გავრცელდა როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკური პარტიების მიერ.
სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების გამო; აგრეთვე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვისთვის.