საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ჩამოსული ექსპერტის დასკვნის მიხედვით დაიგეგმება სააკაშვილთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპები. დეპუტატი არ ელოდება, რომ ეს დასკვნა ამ დრომდე ჩატარებული მკურნალობის გადახედვას განაპირობებს.
„ამ დრომდე არსებული არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ სააკაშვილს რაიმე ისეთი სამკურნალო პროცედურა ესაჭიროება, რაც საქართველოში ხელმიუწვდომელია და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ უცხოეთში. სამართლებრივად არგუმენტი არ არის წარმოდგენილი, რომ სააკაშვილს სასჯელი უნდა გადაუვადდეს, ან გათავისუფლდეს. ჩამოსული ექსპერტი დადებს დასკვნას და დასკვნა როგორიც იქნება, იმის მიხედვით დაიგეგმება მომდევნო ეტაპები. არ მგონია, ისეთი დასკვნა დაიდოს, რომელმაც ამ დრომდე ჩატარებული მკურნალობის გადახედვა განაპირობოს. პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც სააკაშვილის თავისუფლება და სასჯელის აცდენა მნიშვნელოვანია, გააფთრებით ცდილობს, რომ ხელოვნურად შექმნას არარსებული არგუმენტები მის გასათავისუფლებად“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ „არ შეიძლება, ერთი რომელიმე დასკვნა იყოს უპირობო ჭეშმარიტებად მიჩნეული“ და „ექსპერტიზა ავტომატურად სავალდებულო გადაწყვეტილებას არ განაპირობებს“.
„დასკვნა სამსჯელო გახდება სასამართლოსთვის, ასევე პროცესის მწარმოებელი სხვა სუბიექტებისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძის კომენტარს წერილობით 1tv.ge ავრცელებს.
კლინიკა „ვივამედში“ დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად უცხოელი ექსპერტები მივიდნენ.