სააკაშვილთან დაკავშირებით წერილზე ხელმომწერი ევროპარლამენტარები, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში - ჰარცელი

პუბლიკა

„როგორც ყოველთვის ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ ინდივიდუალურ წერილებთან დაკავშირებით ისევე, როგორც კომენტარებს კომენტარების შესახებ. ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისევე, როგორც საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით“, – განუცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

„მე გუშინ ვთქვი, არც ფოტიგა, არც კუბილიუსი ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ, ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, მე ერთი მინდა ვუთხრა, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, ამ ქვეყანაში კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, ეს ყველამ გაითვალისწინოს” – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა  შეკითხვას წერილზე, რომელსაც ხელს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც აწერს.

„რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, ევროკავშირის მიდგომაა, რომ ეს უნდა განიხილებოდეს კანონის უზენაესობის ფარგლებში, გამჭვირვალედ. ასევე მივყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიცაა სახალხო დამცველი, ვინც არის ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ძირითადი ინსტიტუცია. მთავარია ის, რომ ფუნდამენტური უფლებები უნდა იყოს დაცული, სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, კანონის უზენაესობის შესაბამისად“, – განაცხადა ჰარცელმა.

18 ოქტომბერს პოლიტიკოსებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ყოფილმა ელჩებმა და ანალიტიკოსებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს, რომლითაც მიმართავენ ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს და სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. წერილის ავტორებს შორის არიან უკრაინისა და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტები, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტარები, ლიეტუვის სეიმის წევრები, ელჩები და ანალიტიკოსები.