სააკაშვილზე ევროპარლამენტის რეზოლუციის 5-დან 2 სამუშაო დოკუმენტი ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს

პუბლიკა

ევროპარლამენტი 15 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას გეგმავს.

რეზოლუციისთვის ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა 5 სამუშაო დოკუმენტი წარადგინეს, რომელთა განხილვის შემდეგ შეჯერებულ რეზოლუციას დაამტკიცებენ.

ევროპარლამენტარების მიერ წარდგენილ სამუშაო დოკუმენტებში გამოთქმულია შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

ამასთან, 5-დან 2 სამუშაო დოკუმენტში დამატებულია პუნქტი, რომელშიც ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ლიდერებს, რომ განიხილონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება, რადგან მნიშვნელოვანია მისი როლი სააკაშვილის დაპატიმრებაში და პოლიტიკური პროცესების გაურესებაში საქართველოში.

ევროპარლამენტში დარეგისტრირებულ ყველა დოკუმენტში ასევე ნახსენებია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროება.

ასევე დოკუმენტების ნაწილში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და ეს საკითხი გადაჭრას.

რეზოლუციის სამუშაო დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი სიტუაცია ვნებს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში, აღრმავებს პოლარიზაციას და ხელს უშლის საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისკენ.