დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ახალი წლის დადგომის შესახებ ისაუბა. მისი განცხადებით, ახალი წლის იმედიან განწყობას კორონავირუსი ვერ უნდა მოერიოს. კალაძის განცხადებით, ამ საახალწლო დღეების სლოგანი „სოლიდარობა“ იქნება.
„რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდის, ახალი, იმედიანი მოლოდინი გვაქვს ყველას; რა თქმა უნდა, უნდა შევქმნათ ეს განწყობა. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ საახალწლო განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს.
ეს საახალწლო დღეები მინდა, იყოს სიყვარულით, თანადგომით და სითბოთი აღსავსე. გვინდა ერთიანობით სავსე ახალი წელი, სოლიდარობით სავსე თბილისი.
სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდით დგომა, ერთმანეთის მხარდაჭერა – ამაზე მაგარი არაფერი არ არის.
მე ნამდვილად მეამაყება, როგორც ქალაქის მერს და როგორც რიგით მოქალაქეს, რომ ამ რთულ ვითარებაში, თუნდაც პანდემიის პირველი ტალღის დროს. მთელი თბილისი გაერთიანდა იმისთვის, რომ გვერდით დავდგომოდით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა პანდემიის პირობებში“, – განაცახდა კახა კალაძემ.
კალაძემ მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებიც ეხმარება ოჯახებს, ასევე გაიხსენა 13 ივნისს ახალგაზრდების ერთობა და თანადგომა და განაცხადა, რომ იგივე თანადგომაა ახლაც საჭირო.
„იგივე გვინდა ახლაც, იმიტომ, რომ სოლიდარობაშია ძალა და სოლიდარობაშია გადარჩენა. ჩვენ გვჭირდება ჰაერივით ერთობა, ერთიანი საზეიმო განწყობის შექმნა, კეთილი სიტყვა, კეთილი გულით გაკეთებული საქმეები, რომ ბავშვები არ დაითრგუნონ, მოხუცებმა მიტოვებულად არ იგრძნონ თავი.
თბილისელებს დაძაბულობა და შფოთი მოეხსნათ და არამხოლოდ თბილისელებს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ყველა რეგიონში, ყველა რაიონში, ყველა სოფელში და თუნდაც სულ პატარა საზეიმო განწყობამ დაიკავოს სტრესის ადგილი.
სოლიდარობა გადაგვალახინებს შიშსაც, პანდემიასაც, ჩვენ ახალი იმედებით დავიწყებთ ახალ წელს ყევლა ერთად ერთმანეთის გვერდით დგომით. ახალ წელს საახალწლო დღეების სლოგანი იქნება სოლიდარობით სავსე ახალი წელი“, – განაცხადა კალაძემ.