საახალწლო განათებები 21:00 საათის შემდეგაც აღარ გამოირთვება - კალაძე

პუბლიკა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში საახალწლო განათებები გადაადგილების შეზღუდვის დროსაც არ გამოირთვება.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც გამოითქვა მოსაზრება საახალწლო ილუმინაციების გამორთვის შესახებ შეზღუდვების საათებში, ბევრმა ადამიანმა მიმართა თხოვნით, რომ შეზღუდვების მიუხედავად მაინც დატოვებულიყო საახალწლო განათებები.

„რომ დავფიქრდეთ, ვინ ნახულობს ღამის განათებებს მაშინ, როდესაც საკომენდანტო საათი იწყება? დღესაც მერიაში თანამშრომლებს გვქონდა მსჯელობა, როგორ მოვიქცეთ. ამ განათებებს ნახულობენ ის ადამიანები, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში არიან. ეს არიან ჩვენი ექიმები, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ეს არიან ჩვენი პოლიციელები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ასევე ჟურნალისტები და თბილსერვისის თანამშრომლები, ჩვენი მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა გადაუდებელი სამუშაოების გამო ქუჩაში მყოფი თბილისელები, ოჯახები, რომელთა ფანჯრებიდან, აივნებიდან ჩანს იმედიანი ქალაქი, საახალწლოდ მორთული, გამხიარულებული და ულამაზესი თბილისი – თითქოს თბილი და მყუდრო ქუჩები ამ ადამიანების დაღლილობას, სტრესს და მძიმე სამუშაო დღეს მალამოდ დაედება, გაათბობს და იმედით აღავსებს.

შესაბამისად, ვითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს, თითოეული თბილისელის სურვილს, დარჩეს ჩვენი ქუჩები განათებული და შესაბამისად, დღეიდან ქალაქში საახალწლო ილუმინაციები არ გამოირთვება. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს, ვერ ჩააქრობს სინათლეს და სიცოცხლეს სურვილს ჩვენს გულებში, იმედს ჩვენს თვალებში, ვერ ჩაგვაბნელებს“,- განაცხადა კალაძემ.


გუშინ „თბილსერვის ჯგგუფმა“ გაავრხელა განცხადება, რომ ილუმინაციები და საახალწლო კონსტრუქციები ყოველდღე, შებინდებისას ჩაირთვებოდა, ხოლო 21:00 საათის შემდეგ, იქ, სადაც ამის ტექნიკური შესაძლებლობა იქნება, შემდეგი დღის ბოლომდე გაითიშებოდა.