საახალწლო სლოგანში არ იყო ჩადებული არავითარი პოლიტიკური გზავნილი - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისისთვის მოფიქრებული ახალი სლოგანის – „მშვიდობის ქალაქის“ შესახებ გააკეთა კომენტარი. კალაძის თქმით, თბილისელებისთვის მთავარი სიკეთე, რაც მათ 2022-მა წელმა მოუტანა და რასაც მომავალ წელსაც ისურვებდნენ, მშვიდობა იყო და ამ სლოგანს პოლიტიკური საფუძველი არ აქვს. თუმცა კალაძის თქმით, თუკი საქართველოში ძალაუფლებას „კონკრეტული ჯგუფი“ დაიბრუნებდა თბილისი არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი იქნებოდა.

„გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი დღეს ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი, რაც თბილისმა თავის თავზე არაერთგზის იწვნია და რისი გამეორება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.

დღეს ჩვენს ქალაქს, ხალხს, ქვეყანას ყველაზე მეტად მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ამ ადამიანებმა ვერ შეიკავეს თავი და კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი რეალური სურვილი. სინამდვილეში, მათ არა მშვიდობის შესახებ სრულიად უწყინარი სლოგანი და წარწერა, არამედ უპირველეს ყოვლისა, თავად მშვიდობა აღიზიანებთ. სლოგანზე თავდასხმა სწორედ ამ ყველაფრის გამოვლინება იყო და მეტი არაფერი. არ ვიცი, რა ვთქვა, ეს თემა განსასჯელად თქვენთვის მომინდია“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, მშვიდობა გასული წლის მთავარი მონაპოვარი იყო და მას ალტერნატივა არ აქვს. კალაძის თქმით, როგორც წესი, ახალ წელს ადამიანები აღნიშნავენ მთავარ სიკეთეს, რითაც გასული წელი ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ და ერთმანეთს უსურვებენ ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც მათ უნდათ, რომ მომავალმა წელმა მოუტანოს. მშვიდობა კი იყო სწორედ მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს 2022 წელმა მოუტანა.

„ამასთან, პირველი, ვისაც თითოეული ჩვენგანი, თითოეული თბილისელი და ქართველი, ერთმანეთის შემდეგ, მშვიდობას უსურვებდა, სწორედ ჩვენი კიეველი და უკრაინელი მეგობრები არიან.

მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ის, რომ ჩვენი და ზოგადად, მსოფლიოს ყველა ქალაქი უნდა იყოს მშვიდობის ქალაქი, მავანთათვის თურმე კითხვებს აჩენს. რა ვქნათ, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა?! არ გავუშვათ ეს ყველასთვის სანუკვარი სურვილი თბილისიდან მსოფლიოს ყველა ქალაქის მისამართით?!“ – განაცხადა კალაძემ.

ასევე კალაძის თქმით, სლოგანში არ ყოფილა ჩადებული ნიშნისმოგება უკრაინელების მიმართ.

„ყოველ წელს გვაქვს საახალწლო სლოგანი, რაც 2018 წლიდან იცვლებოდა. იყო „სიცოცხლით სავსე თბილისი“, „სიყვარულით სავსე თბილისი“, „ისტორიით სავსე თბილისი“, „სოლიდარობით სავსე თბილისი“ და „მეტი სიყვარული – გვიყვარდეს ერთმანეთი“. წელს ჩვენი საახალწლო სლოგანია – „მშვიდობის ქალაქი“.

იმ გამოწვევების ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება ნებისმიერი ადამიანი რასაც ინატრებს, მშვიდობაა, თუმცა, საკმარისია ხელისუფლების, თბილისის მთავრობის, ან გნებავთ, საზოგადოების მხრიდან გაჩნდეს საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, მყისიერად იწყება თავდასხმა, ბულინგი, ცილისწამება.

გუშინ, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, აღნიშნული საახალწლო სლოგანი წარმოეჩინათ როგორც ნიშნისმოგება ჩვენი მეგობარი უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მიმართ სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი არასოდეს იკადრებდა“, – თქვა კალაძემ.