„ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. მიმართვას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც ბავშვობიდან მოყოლებული, სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და მის ასრულებას ველოდებით. ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება.
ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით, შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!“, – აღნიშნავს პაველ ჰერჩინსკი.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და EU4Georgia-ს საკომუნიკაციო გუნდი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავენ.