თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო.
გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლით, ორ ეპიზოდში:
სააპელაციო სასამართლოს გადაწვეყილებით, სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, თუმცა საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.
ამ ნაწილში პროკურატურა გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი-2-თვის“ 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. აღნიშნულ საქმეზე საქალაქო სასამართლომ გვარამიას 50 000 ლარის ჯარიმა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი შეცვალა სასჯელის სახე და ზომა და გვარამიას 3 წლითა და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
რაც შეეხება II ეპიზოდს, ე.წ. ავტომობილის საქმეს, სააპელაციომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ ნიკა გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლეთა კოლეგიამ, რომელსაც მერაბ ჯორბენაძე, დავით მამისეიშვილი და ლავრენტი მაღლაკელიძე შეადგენდნენ, გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
„ნიკა გვარამია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, 221-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდეს.
ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება 182-ე მუხლის „ა“, „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდეს 220-ე მუხლით.
ნიკა გვარამია ცნობილ იქნას დამნაშავედ 220-ე მუხლით, ორი ეპიზოდი, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს 220-ე მუხლით, 2015 წლის ეპიზოდზე, თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით; 220-ე მუხლით, 2019 წლის ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდი, თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით“, – განაცხადა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ.
რაც შეეხება გვარამიასთან ერთად მსჯავრდებულ ორ პირს: ზურაბ იაშვილი უდანაშაულოდ ცნეს, კახა დამენიას კი 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
რა იყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება:
ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელსა და მეწილეს, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს 3 წელი და 6 თვე მიუსაჯა.
გვარამიას 2019 წელს ბრალი 4 მუხლით წარუდგინეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენით, გვარამია წარდგენილ 3 მუხლში გამართლდა.
კერძოდ, გამართლდა:
ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება (362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი);
კომერციული მოსყიდვა (221-ე მუხლის მესამე ნაწილი);
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) (194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).
რაც შეეხება ბრალად წარდგენილ მეოთხე მუხლს – მითვისება ან გაფლანგვა (182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლზე (სსკ-ის 220-ე მუხლზე) და ამ ნაწილში ცნო ის დამნაშავედ.
აღნიშნული მუხლით მოსამართლემ გვარამია დამნაშავედ ორ ეპიზოდზე ცნო.
I – საუბარია ე.წ. 2015 წლის ამბავზე – ამ ნაწილში პროკურატურა გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი-2-თვის“ 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ გვარამიას 50 000 ლარის ჯარიმა შეუფარდა.
II ეპიზოდს კი ე.წ. ავტომობილის საქმედ მოიხსენიებენ. სწორედ ამ საქმეზე მიესაჯა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
რას ითვალისწინებს ე.წ. მანქანის ეპიზოდი
პროკურატურის ვერსიით – 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს ცენტრში“ თავისი და ოჯახის პირადი სარგებლობისთვის შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი „Porche Macan S, რომლის შეძენის მიზნით, მან „პორშეს ცენტრს“ შესთავაზა, რომ შეძენას განახორციელებდა „რუსთავი 2-ის“ ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების ღირებულების სანაცვლოდ.
ასევე, ნიკა გვარამიამ ე.წ. „ბარტერზე“ დათანხმების მიზნით, ხსენებულ კომპანიას დამატებით შესთავაზა როგორც ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ გასაშვები სარეკლამო რგოლების, ასევე სამომავლოდ მათი სხვა სარეკლამო რგოლების შეღავათიან/დაბალ ფასად განთავსება, სარეკლამო სააგენტო შპს „პროესკო მედიას“ მეშვეობით.
შეთანხმებისამებრ, „პორშეს ცენტრსა“ და შპს „პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა ავტომანქანა ,,Porche Macan S“-ის ნასყიდობის ხელშეკრულება, ღირებულებით – 76 700 ევრო. იმავე დღეს ამ ორ კომპანიას შორის ასევე გაფორმდა ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურებაზე, ღირებულებით – 76 700 ევრო, რომლის ფარგლებშიც, „რუსთავი 2-ის“ ეთერში რეკლამის განთავსება ხდებოდა შეღავათიან/დაბალ ფასად.
პროკურატურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „პორშეს ცენტრი“ სრულად უხდიდა შპს „პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, ეს უკანასკნელი, ნიკა გვარამიას დავალებით, არსებითად ამცირებდა „რუსთავი 2-თვის“ გადასახდელ თანხას, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას.