თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლეების, ოთარ სიჭინავას, გოჩა ჯეირანაშვილისა და ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ეკვივალენტის ლარში გადახდა დაეკისრა. დამატებით კეზერაშვილს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ბაჟის გადახდა 3000 ლარის ოდენობით.
საქმეზე მეორე ბრალდებულის, ალექსანდრე ნინუას მიმართ კი სააპელაციომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა. სამინისტროს ნინუას სასარგებლოდ 5000 ლარის გადახდა დაეკისრა.
მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თავდაცვის სამინისტრომ საქალაქო სასამართლოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მიმართა.
2021 წლის 7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ე.წ. წვრთნების საქმეზე დამნაშავედ ცნო. მესამე ინსტანციამ ამ გადაწყვეტილებით გააუქმა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი.
გამოძიების ვერსიით, 2008 წელს დავით კეზერაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის მიზნით გამოსცა ბრძანება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, მანვე დაავალა ალექსანდრე ნინუას ხელშეკრულების სასწრაფოდ, უპირობოდ, შემოწმების გარეშე გაფორმება.
ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმურ საბრძოლო მომზადებას ითვალისწინებდა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით.
თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დავით კეზერაშვილის დავალებით, 5 060 000 ევრო კომპანიის ანგარიშზე გადაირიცხა, თუმცა სამხედრო წვრთნები არ ჩატარებულა.
პროკურატურამ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში ბრალდების დამტკიცება ვერ შეძლო და კეზერაშვილი ორივე ინსტანციაში გამართლდა. ამის შემდეგ უწყებამ საქმე უზენაესში გაასაჩივრა.
2021 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დავით კეზერაშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
უზენაესის ამ გადაწყვეტილების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
დავით კეზერაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურია და მის წამოწყებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისცა ბიძგი. მათივე მტკიცებით, ხელისუფლების მიზანი „ფორმულას“ გაჩუმებაა. ადვოკატებმა მოსამართლეებს ამის მხედველობაში მიღებაც სთხოვეს, თუმცა მოსამართლეებმა მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატები საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებას აპირებენ.
რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“, არხის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მათ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის, რაც საბოლოოდ არხის დახურვას გამოიწვევს.
მათი განმარტებით, შესაძლოა, დაიწყოს განაჩენის იძულებითი აღსრულება და დაყადაღდეს ტელევიზია, რადგან კეზერაშვილის ერთადერთი აქტივი საქართველოში „ფორმულას“ 51%-იანი წილია.