სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ხელისუფლების „მესიჯბოქსის" შესაბამისად შეცვალა - ადვოკატი

პუბლიკა

„ხელისუფლების „მესიჯბოქსის” შესაბამისად, სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა“, – ასე აფასებს  ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან სტკიოდა ის გარემოება, რომ ნიკა გვარამია 6 თვის განმავლობაში ციხეში იჯდა კომპანიის ავტომობილის პირადი მიზნით გამოყენებისთვის, ამიტომ გადაწყვიტეს, უსამართლობა კი არ გამოესწორებინათ და გაეთავისუფლებინათ ნიკა გვარამია, არამედ სხვა ეპიზოდზეც გამოეყენებინათ პატიმრობა. შედეგის თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა – 3 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი და ეს სასჯელი დარჩა. უბრალოდ, ხელისუფლების „მესიჯბოქსის” შესაბამისად, სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ეპიზოდებზე ასეთი იყო: 

I – ე.წ. 2015 წლის ამბავზე – ამ ნაწილში პროკურატურა გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი-2-თვის“ 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. აღნიშნულ საქმეზე პირველმა ინსტანციამ გვარამიას 50 000 ლარის ჯარიმა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ კი შეცვალა სასჯელის სახე და გვარამიას 3 წლითა და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

II ეპიზოდს კი ე.წ. ავტომობილის საქმედ მოიხსენიებენ. სწორედ ამ საქმეზე მიესაჯა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კი სააპელაციომ სრულად გაიზიარა.

საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.