სააპელაციო სასამართლომ მიხეილ კალანდიას განაჩენი ძალაში დატოვა

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.

კალანდია თბილისის საქალაქო სასამართლომ სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით, 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კალანდიას ადვოკატი აცხადებს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ, შემდეგ კი მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.


ხორავას ქუჩის საქმე

2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს ამჟამად ორი მსჯავრდებული ჰყავს. ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრს გუგა ბარბაქაძე იხდის, დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით კი – გიორგი ჯანაშია. თავდაპირველად, ამ საქმეზე დააკავეს ბარბაქაძეც, რომელსაც ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან ერთად დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობაც ჰბრალდებოდა.

2018 წლის 31 მაისს პირველი ინსტანციის სასამართლომ ბარბაქაძეს დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდება მოუხსნა, გიორგი ჯანაშიას კი მუხლი შეუცვალა და მას სასჯელი არა მკვლელობის, არამედ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუწესა. გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ დავით სარალიძე სხვა პირმა მოკლა, რომელიც პოლიციას დაკავებული არ ჰყავდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის პროტესტი მოჰყვა, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმის სამართლიან და სრულფასოვან გამოძიებას მოითხოვდა. სარალიძე თავიდან მთავარი პროკურატურის შენობასთან მივიდა. პროკურატურასთან სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეებმაც დაიწყეს შეკრება, რომლებმაც მოგვიანებით ზაზა სარალიძესთან ერთად პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. იმავე დღეს, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

ხოლო გუგა ბარბაქაძეს გამამტყუნებელი განაჩენი ისევ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მასაც თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეუფარდა.

2019 წლის 4 ივნისს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მკვლელობაში მონაწილეობას აბრალდებდა დავით სარალიძის მამა. მიხეილ კალანდიას საქმეს ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა მირზა სუბელიანიც, რომელიც მკვლელობის დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. ზაზა სარალიძე მიიჩნევდა, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას ამ საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ და მას 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.