სააპელაციო სასამართლომ ნატა ფერაძის საქმეზე საჩივარი დაუშვებლად ცნო - ქურდოვანიძე

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საიას საჩივარი ნატა ფერაძის საქმეზე – ინფორმაციას ორგანიზაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს.

„დაუშვებლობის არგუმენტები შაბლონურია – ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არ არის საჩივარშიო. ახალ მტკიცებულებებზე მსჯელობას არავინ ითხოვდა. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა რამდენად დასაბუთებული იყო საქალაქო სასამართლოს დადგენილება, განსაკუთრებით, გამოყენებული სანქციის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია და თავიდან მოიშორა საქმე“, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.


2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა სამების ტაძარში სტალინის გამოსახულებიანი მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შსს ადმინისტრაციულ საქმეს 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აწარმოებდა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა ჯარიმას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე.


სამების ეკლესიაში სტალინის გამოსახულებიანი მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმის შემდეგ ნატა ფერაძეს ძალადობრივი დაჯგუფება „ალტ-ინფო“ ემუქრებოდა. მათ ფერაძის სახლთან აქციაც გამართეს. ნატა ფერაძის სახლამდე ისინი სამართალდამცველებმა არ მიუშვეს.

ნატა ფერაძემ პოლიციას მუქარის ფაქტებზე მიმართა. ის ასევე მოითხოვდა დაცვას. ფერაძის თქმით, მის მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია.


2024 წლის 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატის ფოტო, რომელიც სამების ტაძარშია გადაღებული. ხატზე წმინდა მატრონა მოსკოველია გამოსახული, საბჭოთა დიქტატორთან, იოსებ სტალინთან ერთად. 

მატრონა მოსკოველის ხატი სამების ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა.

საზოგადოება ხატის ტაძრიდან გატანას მოითხოვდა. მოგვიანებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხატის შემწირველს ხატიდან სტალინის წაშლა დაავალა.