თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულები სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდ.არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილი და გადააგდეს მდინარეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, მსჯავრდებულები ბრალდებულები არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში – ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას.
სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახით 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვანებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.