თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თემურ ქათამაძის საჩივარი, შესაბამისად, მისი პატიმრობა ძალაში რჩება.
სხდომაზე მისული იყო თემურ ქათამაძე, რომელიც 22 დღეა, შიმშილობს. მას მოსამართლისთვის მტკიცებულების წარდგენა სურდა, მოსამართლის უარის შემდეგ კი სხდომა დატოვა.
ბათუმელი მედროშის ადვოკატი მარიამ გაბროშვილი ამბობს, რომ სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მოთხოვნა მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით. ეს კომენტარი მან „ტვ პირველთან“ გააკეთა.
თემურ ქათამაძე შსს-მ მიმდინარე წლის 11 და შემდეგ 16 იანვარს დააკავა. 11 იანვარს ის ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და იზოლატორში 5 დღე გაატარა. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, 16 იანვარს ქათამაძე ხელახლა დააკავეს. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 იანვარის ბრძანების საფუძველზე, მისი გაძევების საქმის განხილვამდე, იგი მოთავსდა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. ცენტრში მოთავსებისთანავე ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო.
ქათამაძემ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიმართა, რაზეც უარი მიიღო.
საიას ცნობით, „უარის მიღებამდე, იგი წარმოადგენდა თავშესაფრის მაძიებელ პირს, რაზე დაყრდნობითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიმართა ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლოს – დროებით განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნით, მაშინ როდესაც იგი უკვე იმყოფება ამ დაწესებულებაში. სასამართლომ დააკმაყოფილა მიგრაციის დეპარტამენტის მეორე შუამდგომლობაც. ორივე სასამართლომ თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით ბრძანება იმ საფუძვლით მიიღო, რომ შესაძლოა აღნიშნული პირი მიმალულიყო. დამატებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მიგრაციის დეპარტამენტის ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამ პირმა საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების მიზნით მოითხოვა.“
თემურ ქათამაძემ სამტრედიის რაიონული სასამართლოს ბრძანებასთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებაც გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში