სააპელაციო სასამართლომ „TV პირველის“ საქმეზე საქალაქო სასამართლოს განჩინება უცვლელი დატოვა

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ  „TV პირველთან“ დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების (ამოღების) ჩატარებაზე ნებართვის გაცემის შესახებ საქალაქო სასამართლოს განჩინება უცვლელი დატოვა.

სასამართლოს განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა სრულყოფილად არეგულირებს და იცავს გამოხატვის თავისუფლებას. როდესაც საკითხი შეეხება ჟურნალისტის პროფესიული დაცვის სტანდარტს, დაცული უნდა იქნეს შესაბამისი ბალანსი.

„დანაშაულის პრევენციისა და გამოძიების პროცესში სახელმწიფოს ინტერესების განხორციელების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით, გამოხატვის თავისუფლების დაცვითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის გათვალისწინებით.

აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ჟურნალისტს პროფესიული საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ ეკისრება ვალდებულება პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გადასცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი ან დაიკითხოს მოწმედ თუ იგი ისარგებლებს ამ უფლებით, მაგრამ ეს არ ზღუდავს მას ნებაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში გამოძიებას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.

სისხლის სამართლის პროცესში მოწმედ მონაწილეობის ვალდებულებისაგან და პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვებით, სახელმწიფომ ინტერესთა კოლიზიის ცალკეულ შემთხვევებში მართლმსაჯულებისა და გამოძიების ინტერესზე მაღლა დააყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლში მითითებული პირების კანონიერი ინტერესი.

შესაბამისად, დაცული უნდა იქნეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ამ შემთხვევაში მოიცავს ჟურნალისტის უფლებას არ გაამჟღავნოს ინფორმაციის წყარო და საკითხის გადაწყვეტისას შესაბამისმა პირებმა უნდა იხელმძღვანელონ პროპორციულობის პრინციპითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლით დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.

11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განჩინების დოკუმენტში წერია, რომ „საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა, ვლადიმერ ვექილიანმა და მოითხოვა ნებართვის გაცემა, რათა:

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ, განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება, ამოღება, კერძოდ ამოღებულ იქნეს:

2021 წლის, 6 მარტს, „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული, კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. 2021 წლის, 6 მარტს, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის” რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემული (გაგზავნილი) კონვერტი (ან სხვაგვარი შეფუთვა), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.”