თბილისის სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მომდევნო სხდომა 4 ოქტომბერს, 14:00-ზე ჩაინიშნა.
მოსამართლემ, მერაბ ჯორბენაძემ სხდომის ამდენი ხნით გადადება ივლისსა და აგვისტოში მოსამართლეთა 3-კაციანი კოლეგიის შვებულებებითა და სექტემბერში შევსებული გრაფიკით ახსნა.
საქმეზე მსჯავრდებულმა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს მიმართა, რომ პროცესის 2 თვე-ნახევრით გადადება საქმის განხილვის ვადების დარღვევაა, ვინაიდან, კანონმდებლობით, სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გადასასინჯად 2 თვე აქვს.
„ჩემთვის ეგეც პასუხია. საპროცესო ვადის დარღვევა ჩემთვის პასუხია. გასაგებია, ვერ მოასწარით განხილვა კი არ არის, თქვენო ღირსებავ, ვადის გასვლის შემდეგ ნიშნავთ საერთოდ პროცესს, თორემ 2-თვიან ვადაში განხილვის ვერ მოსწრებაზე კი არ არის საუბარი“, – განაცხადა გვარამიამ.
სააპელაციო სასამართლომ დღეს, 18 ივლისს, „რუსთავი 2-ის“ ეპიზოდზე ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დაიწყო.
საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა დირექტორმა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ვრცელ გამოსვლაში ისაუბრა საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განმხილველ მოსამართლეზე, ლაშა ჩხიკვაძეზე, „მთავარ არხში“ სავარაუდო მიყურადების საქმესა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით, მაისში სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.