სააპელაციომ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის ფაქტზე ბრალდებულს გირაო პატიმრობით შეუცვალა

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის გადაწყვეტილებით, სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში სექსუალური შეღწევისთვის ბრალდებულს, რაიონული სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით შეუცვალა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ 2021 წლის 19 მარტის განჩინებით ცვლილება შეიტანა ბრალდებულ ა. ნ.-ის მიმართ ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების თაობაზე, თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განჩინებაში.

სასამართლომ აღნიშნა, რომ 1995 წლის 24 ნოემბერს დაბადებული ა.ნ.  ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2021 წლის 12 მარტს და 2021 წლის 14 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით“, – ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

17 მარტს საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა.