„ბათუმელების” ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო იმ მტკიცებულებების ნაწილი, რომლებიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამორიცხა.
საქმე ეხება სხვადასხვა სახის მტკიცებულებას, კერძოდ: ვიდეოჩანაწერებს; რამდენიმე წერილობით დოკუმენტს, ერთი მოწმის გამოკითხვის ოქმს.
სააპელაციო სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად ცნო საჯაროდ, ინტერნეტში ხელმისაწვდომი ვიდეოები, რომლებიც დეტალურად ასახავს მზია ამაღლობელის დაკავებამდე, დაკავების პროცესს და შემდგომ მოვლენებს.
4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ამ და სხვა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა და ეს საქმესთან შეუსაბამობის საბაბით ახსნა.
მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა, არა საქმესთან შეუსაბამობის გამო – მეტრეველმა თქვა, რომ კომპიუტერულ მოწყობილობაში არსებული ინფორმაციის მოპოვებას, თუნდა ის საჯაროდ იყოს გავრცელებული, მოსამართლის განჩინება სჭირდება, მზია ამაღლობელის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი განჩინების გარეშე იყო წარმოდგენილი.
მისი განცხადებით, რადგან ადვოკატებმა აღნიშნული ვიდეოები დათვალიერების ოქმის საფუძველზე დაამაგრეს საქმეს, ისინი უკანონოა.
მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობაზე ვიქტორ მეტრეველის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილმა შეცვალა.
მანამდე მალხაზ ოქროპირაშვილმა მზია ამაღლობელის ადვოკატების სარჩელი, შეეცვალათ ჟურნალისტის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, დაუშვებლად ცნო.
ამის გამო ქუთაისში, მის სახლთან ცხრა მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა, რის გამოც შსს-მ სასამართლოს მიმართა – მოსამართლე ციცინო მოსიძემ ყველა მათგანი 5 ათასი ლარით დააჯარიმა.
მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 31 მარტს, 13:00 საათზე არის დანიშნული.
ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.
ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.
მზია ამაღლობელი უსამართლობას 38 დღის განმავლობაში შიმშილობით აპროტესტებდა.