სააპელაციო პალატამ ანტონ ჩეჩინის საქმეზე თარჯიმან შორენა ტაბატაძის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, – საქმეს ნინო ჩახნაშვილი, გიორგი კერატიშვილი და პაატა სილაგაძე განიხილავენ.
გასული წლის დეკემბერში აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლომ თარჯიმანი შორენა ტაბატაძე ნეიტრალურ მოწმედ მიიჩნია, დაცვის მხარე კი ამბობდა, რომ შორენა ტაბატაძე პოლიციელებთან დაახლოებული, ანგაჟირებული თარჯიმანია და რომელიც ვერ ჩაითვლება საგამოძიებო მოქმედებების მიუკერძოებელ დამკვირვებლად.
მათი თქმით, ამ საკითხის ე.წ. „ნარკოტიკების ჩადების” საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან საქმეში, სადაც ე.წ. ნეიტრალური მტკიცებულება არ არის, ეს როლი ბრალდების მხარემ შსს-ის დაქირავებულ თარჯიმანს „დააკისრა”.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ შორენა ტაბატაძის ხელმეორედ დაკითხვა მოითხოვა, ვინაიდან მათი თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ არ მიეცათ პრინციპულ და არსებითი მნიშვნელობის საკითხებზე შეკითხვების დასმის შესაძლებლობა.
ადვოკატი გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებდა ბრალდების მხარის შუამდგომლობას კითხვების განრიდებაზე, იმ არგუმენტის, რომ თითქოსდა კითხვები შემხებლობაში არ იყო განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან.
„შორენა ტაბატაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვისას და სასამართლოში დაკითხვისას საქმესთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებს აღწერდა. მოსამართლე კი კითხვების განრიდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ შეკითხვები არათუ შემხებლობაში, არამედ თავისი არსით და შინაარსით ერთი და იგივე გარემოებებს ეხებოდა.
ერთ-ერთი ასეთი საკითხია თუ როგორ და როდის მივიდა თარჯიმანი ანტონ ჩეჩინის ჩხრეკის ადგილზე. ერთ შემთხვევაში ამბობდა, რომ გამოცხადდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და შემდეგ წავიდნენ მისამართზე. ხოლო მეორე შემთხვევაში ამბობს, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე გაუარა გამომძიებელმა და შემდეგ წავიდნენ მისამართზე.
ასევე, ერთ შემთხვევაში ის ამბობდა, რომ ჩხრეკამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სასამართლოში კი აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას.
მათ შორის იყო სხვა გარემოებებიც, რასთან დაკავშირებითაც არც პირველ და ახლა უკვე არც ზემდგომ ინსტანციაში კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მოგვეცა“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას ადვოკატი გიორგი ჩხეიძე.