სააპელაციომ არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„2020 წლის 21 დეკემბერს, ბრალდებულმა ორ პირთან ერთად, ცოლად შერთვის მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს, შემდეგ კი დაზარალებული გააუპატიურა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენით აღნიშნული პირი გაუპატიურების ფაქტზე გაამართლა. სამივე პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე და თითოეულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი გაუპატიურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურაში ამბობენ, რომ საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.