სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის „ბიტკოინების საქმეზე” თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა.
გადაწყვეტილება პაატა სილაგაძის, დავით მამისეიშვილისა და გიორგი კურატიშვილისგან შემდგარმა კოლეგიამ მიიღო.
2025 წლის 10 მარტს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მოსამართლემ ბაჩიაშვილს თანხის მითვისების ნაწილში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
ადვოკატმა დავით ჯანდიერმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ მათ არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი.
პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით კი, მოსამართლეთა კოლეგიამ შეაფასა და გააანალიზა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება და ყველა მოწმის ჩვენება და დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავეა – „მიითვისა კრიპტოვალუტა და მოახდინა მითვისებული კრიპტოვალუტის ლეგალიზაცია”.
დაცვის მხარე გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
1 მაისს კი მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 8986.8660 ბიტკოინის გადახდა დააკისრა, რაც $850 მილიონზე მეტია.
ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედებოდა დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
სასამართლომ ასევე დაადგინა არა მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის, არამედ სხვა პირთა ქონება, რომლებიც გაიყიდება, თუ გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინი არ აღმოაჩნდება.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილის ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი იყო და ბაჩიაშვილმა მას მოგება დაუმალა. თავად ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ თანხა სესხად აიღო ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკიდან“ და ეს ფული ბანკში შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთით დააბრუნა კიდეც. ბაჩიაშვილმა 2023 წელს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი გადაიხადა.
თავად გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ მან „ქართუსგან” აიღო 5-მილიონიანი სესხი ინვესტიციისთვის, რომელიც დააბრუნა მოგების 30%-თან ერთად, რის შემდეგაც „ქართუსთან” ურთიერთობა დაიხურა.
ბაჩიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პრეტენზიებით რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა, როცა მან ივანიშვილის პრორუსული ნაბიჯები საჯაროდ გააკრიტიკა.
საქართველოს დატოვების შემდეგ ბაჩიაშვილის მიმართ კიდევ 2 საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება:
ერთ-ერთ ბრალდება ეხება „მტკვარი ჰესს“. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტიანად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად. უწყება მას სისხლის სამართლის კოდექსის 220/1 მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
მესამე სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთას ეხება.
გიორგი ბაჩიაშვილმა 4 მარტს „ფეისბუქზე” დაწერა, რომ 2 მარტს საქართველო დატოვა.
27 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 26 მაისს გიორგი ბაჩიაშვილი 26 მაისს დააკავეს. უწყების მტკიცებით, მათთვის „ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“. სუსი აცხადებს, რომ ის სწორედ აქ დააკავეს.
29 მაისს, სასამართლო პროცესზე გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ აბუ დაბიში „ის გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და „აირზენას“ თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს”.
ივლისში ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ 11 ივლისს საღამოს 7 საათზე მასთან საკანში შევიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც ჯერ გინება დაუწყო, შემდეგ კი ჩხუბზე გადავიდა. როგორც ბაჩიაშვილი აღწერს თავდამსხმელმა შუშის ჭიქა გადაამსხვრია თავზე, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა.