თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ ონიანმა გააუქმა გორის სასამართლოს მოსამართლის ნინო გერგაულის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო გორელი სამოქალაქო აქტივისტების, თეო ბზიშვილისა და თეონა ფანქველაშვილის პირად საბანკო მონაცემებს ითხოვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია – „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
2 ოქტომბერს გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გერგაულმა, არ დააკმაყოფილა რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნა აქტივისტების, თეონა ფანქველაშვილისა და თეო ბზიშვილის საბანკო ანგარიშებზე სრული წვდომის შესახებ.
გორელი აქტივისტების უფლებებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს. მისი თქმით, ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა ყველა ტრანზაქციაზე წვდომა, რაც ფანქველაშვილისა და ბზიშვილის საბანკო ანგარიშებზე 2 წლის განმავლობაში განხორციელდა.
იურისტის განცხადებით, მოსამართლე ნინო გერგაულმა ბიუროს განუმარტა, რომ პოლიტიკური სუბიექტის განცხადებაში აუცილებელია, არსებობდეს 2 პირობა: პირს ჰქონდეს გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ და ამასთან, არჩევნების გზით ამა თუ იმ თანამდებობაზე არჩევის სურვილი. მისივე შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ამავე დროს – საშიში, ვინაიდან ბიურო ფიქრობს, რომ მას შეუძლია, ნებისმიერი მოქალაქის საბანკო ინფორმაცია გამოითხოვოს.