სააპელაციომ იოსებ ბაბაევის საქმეზე მოსამართლე დარბაიძის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა

პუბლიკა

გორელი აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა გორის რაიონული სასამართლოს განჩინება შეცვლა და პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის, ალექსი მერებაშვილის თქმით, მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა კანონიერად ცნო იოსებ ბაბაევის მანქანიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება და ის დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია, ხოლო დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია იოსებ ბაბაევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი.

ალექსი მერებაშვილის განცხადებით, მოსამართლე დავით ახალბედაშვილის გადაწყვეტილებით პროკურატურას ბრალის წარდგენისა და საქმის სასამართლოსთვის გადაცემის საშუალება ეძლევა.

მანამდე, 6 ივნისს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ დაუშვებლად მიიჩნია პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გორელი აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა უკანონოდ.

კერძოდ, მოსამართლე დარბაიძემ უკანონოდ მიიჩნია შიდა ქართლის პოლიციის მიერ სერგო ბაბაევის მანქანის და პირადი ჩხრეკა, ასევე, ტანსაცმლის ამოღება და ის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლა.

„არ მეგონა, სააპელაციო სასამართლო ასეთი გავლენის ქვეშ თუ მოექცეოდა. როგორც ჩანს, მოექცა გავლენის ქვეშ და დააკანონა ეს უკანონო ქმედება, რაც არის სირცხვილი. ვწუხვარ ასეთი გადაწყვეტილების გამო”, – თქვა იოსებ ბაბაევმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

იოსებ ბაბაევი 5 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იოსებ ბაბაევი ანტირუსული გამოსვლებით გამოირჩევა. არის ანტისაოკუპაციო „რესტო ბარის“ მფლობელი და „მთავარი არხის” ცნობით, ხშირად აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის.