სააპელაციომ ჯგუფურ ძალადობაში გაამართლა 5 ივლისის საქმეზე 6 მსჯავრდებული და სასჯელი შეუმცირა

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისში „TV პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე, ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორ ილია თვალიაშვილზე ძალადობაში მსჯავრდებულებისთვის პირველი ინსტაციის მიერ გამოტანილი განაჩენი შეამცირა და მსჯავრდებულებს 5 წლის ნაცვლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მოსამართლე მაია თეთრაულის გადაწყვეტილებით, პროკურორ თამარ იაკობაშვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაცვის მხარის საჩივრები კი – ნაწილობრივ.

კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში პროკურატურა მსჯავრდებულ ცოტნე ჩიხლაძის განაჩენს ასაჩივრებდა, რადგან პირველმა ინსტანციამ მას ბრალი გადაუკვალიფიცირა და ილია თვალიაშვილის მიმართ სხეულის მძიმე დაზიანების ნაცვლად დამნაშავედ მის მიმართ ძალადობაში ცნო. პროკურატურა მისი ბრალის დამძიმებას მოითხოვდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დავით კუტალაძე, თორნიკე დავლაშერიძე, გია გიგუაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე, ოთარ გელაშვილი და აკაკი ნაკაშიძე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ეს მე-2 ნაწილში (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) გაამართლა, დანარჩენ მუხლებში დამნაშავედ სცნო და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით განესაზღვრა.

2022 წლის 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 27 პირი დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით წაუყენეს. ნაწილს ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილს ჯგუფურად.